saqarTvelos myinvarebi - zofxitos myinvari
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°53′02″ ჩ. გ. 43°25′09″ ა. გ. |
სიგრძე | 4,84 კმ |
ფართობი | 2,42 კმ² |
ტიპი | ხეობური |
ხეობის მარტივი ტიპის სამხრეთ-აღმოსავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის ზოფხიტურის სათავეებში. იწყება მწვერვალ გეზეს აღმოსავლეთით. 2015 წლის მონაცემებით მყინვარის ფართობი 2.42 კმ², ხოლო სიგრძე 4.84 კმ. მისი ენა ზღვის დონიდან 2605 მეტრზე მთავრდება. ფირნის აუზი და ენა 300 მეტრის სიმაღლის ყინულვარდნილითაა გამოყოფილი, ენას იდეალური მოხაზულობა აქვს, მისი სიგანე დაახლოებით 500 მეტრია.
მყინვარები ზოფხიტო და ლაბოდა 1955 წლამდე შეერთებული იყო და ერთი ენით მთავრდებოდა, ამიტომაცაა, რომ მყინვარი ლაბოდა ადრეულ მკვლევართა ნაშრომებში ცალკე არ არის განხილული. 1958 წლის აეროფოტოსურათებზე ისინი უკვე დამოუკიდებელ მყინვარებს წარმოადგენდნენ. მყინვარების ენები დღეს ერთმანეთისაგან დაახლოებით 1100 მეტრით არის დაცილებული. მათ შორის მდებარე არე კი მძლავრი ფლუვიოგლაციალური ნაფენებით არის ამოვსებული.